среда, 15 декабря 2010 г.

სამოდელო გაკვეთილი მაძიებლებისათვის

სამოდელო გაკვეთილი მაძიებლებისათვის

გაკვეთილი ქართული ენასა და ლიტერატურაში

საგნის პედაგოგი-ქეთი ქათამაძე

გაკვეთილის თემა- ფრაზეოლოგიზმები ქართულ ენასა და ჩვენს ყოველდღიურ მეტყველებაში

კლასი-VII

დრო-45 წუთი

წინარე ცოდნა: მოსწავლეებს მიეთითათ წინასწარ, გაეცნონ თედო სახოკიას ქართულ სიტყვა-თქმათა ლექსიკონს, მითოლოგიურ ლექსიკონს;

გაკვეთილის მიზნები/ კავშირი ესგ-სთან
• მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს ზეპირმეტყველების ძირითად ენობრივ მახასიათებლებს.
• მოსწავლე აანალიზებს ტექსტს სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
• ზეპირმეტყველების უნარის განვითარება/დახვეწა.
• ეცნობა განმარტებითი ლექსიკონის გამოყენების წესებს
• თანამშრომლობისა და აზრის გაზიარების უნარ-ჩვევის განვითარება.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ განასხვავონ ფრაზეოლოგიზმი უბრალო მეტაფორისაგან, ყოველდღიურ მეტყველებაში სწორად გამოიყენონ ფრაზეოლოგიური გამოთქმები, წარმოადგენენ ჯგუფურ ნამუშევარს, განივითარებენ თანამშრომლობისა და სხვისი აზრის გაზიარების უნარს.

ორგანიზება: საერთო-საკლასო, ჯგუფური;

რესურსი: დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, თვალსაჩინოება/ნახატები, კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი;

გაკვეთილის მიმდინარეობა:
პროვოცირება 5 წუთი;
აქტიური კითხვა-10 წუთი;
ჯგუფური სამუშაო- 5-7 წუთი;
პრეზენტაცია- 3-3 წუთი;
სლაიდ-შოუს ჩვენება-5-7 წთ.
შეფასება, დავალების მიცემა-2 წუთი;


პედაგოგი იწყებს გაკვეთილს მისალმებით, მოსწავლეებს მიმართავს სხვადასხვა ფრაზებით:
... აინუნშიც არ აგდებ ჩემს ნათქვამს?
... კარგია, ნემსის ყუნწში ძვრები, რომ დავალება შეასრულო!
... მიხარია, რომ წელებზე ფეხს იდგამ, რათა მომზადებული მოხვიდე!
... რა არის, ენა მუცელში ჩაგივარდა?
... ახლა ნუ მეტყვი, დავალება არ მაქვსო, ისედაც გულზე ცეცხლი მიკიდია...
... ჩვენმა შეთანხმებამ ჩაილურის წყალი დალია?
და ა.შ.
შემდეგ სვამს კითხვას: რაზე იქნება, მათი აზრით, დღევანდელი გაკვეთილი? რას ნიშნავს ფრაზეოლოგიური გამოთქმა? როგორ ხდება ამ გამოთქმების დამკვიდრება ენაში? მათ მიერ შესწავლილ რომელ ლექსშია გამოყენებული ხატოვანი გამოთქმა? რა მიზნით? როგორი ისტორია აქვს ამ გამოთქმას?

მოსწავლეთა პასუხებს პედაგოგი დაიტანს დაფაზე და აჯამებს.

II ეტაპი- აქტიური კითხვა
მოსწავლეები კითხულობენ ხატოვანი სიტყვა-თქმების განმარტებას, ადარებენ დაფაზე დაწერილ პასუხებს და ტოვებენ სწორ ვარიანტებს.
კითხულობენ სავარჯიშოს (გვ.81) და ფრაზეოლოგიზმებს უძებნიან განმარტებებს, ეცნობიან მათი წარმოშობის ისტორიას.

ამის მერე პედაგოგი დაყოფს მოსწავლეებს 4 ჯგუფად(თითოეულში 4 წევრი) და აძლევს დავალებას: მოუძებნონ განმარტებები/ახსნა ფრაზეოლოგიზმებს და მათი გამოყენებით შეადგინონ წინადადებები:

1. აქილევსის ქუსლი, მიაშაბათა, ნიანგის ცრემლები
2. პანდორას ყუთი, პირში ბურთს სჩრის, troas cxeni
3. კუდი ყავარზე აქვს გადებული, არიადნას ძაფი, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა
4. ალიყური აჭამა, ურწმუნო თომა, მოთმინების ძაფი გაუწყდა

http://www.youtube.com/watch?v=HQU9WJKmsc4


პრეზენტაციისთვის ჯგუფებს ეძლევათ 3-3 წთ. (12 წთ)
პრეზენტაციის შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით: დროის ლიმიტის დაცვა, ჯგუფში სამუშაოს განაწილება, ეფექტური წარდგენა.

სავარაუდოდ, მოსწავლეთა ნაწილს გაუჭირდება ამოიცნოს და განმარტოს მითოლოგიურ პერსონაჟებთან დაკავშირებული ფრაზეოლოგიზმები, ამ ხარვეზის შევსების მიზნით პედაგოგი ეკრანზე აჩვენებს მოსწავლეებს მითოლოგიური პერსონაჟების ამსახველ სლაიდ-შოუს, რომელშიც განმარტებულია მათთან დაკავშირებული ფრაზეოლოგიური გამოთქმები.


პედაგოგი აძლევს ჯგუფებს საშინაო დავალებას: დახატონ მათთვის ყველაზე ცნობილი ან საყვარელი ერთ-ერთი ან რამდენიმე ფრაზეოლოგიზმი.






ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურში ისტ-ის გამოყენებით
პედაგოგები ქეთი ქათამაძე, ანა დარსაველიძე




თემა: სულხან-საბა ორბელიანის იგავი”უკან მიდევნებული ლამპარი”, ილია ჭავჭავაძის ლექსი “უსულდგმულო ცხოვრება”;
კლასი: VIII
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ პარალელების გავლება ახალ და ადრე შესწავლილ ნაწარმოებებს შორის, მოძებნონ ნაწარმოების მთავარი სათქმელი, გამოიმუშავონ თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების უნარი, ააგონ წინადადებები ინგლისურად სწორი სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებით, გამოიყენონ ახალი სიტყვები და შექმნან ლექსიკური მარაგი, განავითარონ ზეპირმეტყველების უნარი;
ორგანიზება: საერთო-საკლასო, წყვილები;
აქტივობა: პროვოცირება, აქტიური კითხვა, კოგნიტური სქემის შედგენა, როლური თამაშები;
რესურსი: დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი, მარკერი;
დრო: 45 წუთი;

გაკვეთილის მიმდინარეობა:
პროვოცირება 5 წუთი;
აქტიური კითხვა-15 წუთი;
დიაგრამის მომზადება- 3 წუთი;
პარალელები- 5 წუთი;
როლური თამაშები- 15 წუთი;
შეფასება, დავალების მიცემა-2 წუთი;


პედაგოგი უჩვენებს ეკრანზე ჯგუფებს სურათებს: ლამპარი, სანთელი, შანდალი. აძლევს ჯგუფებს დავალებას, 3 წუთის მანძილზე უპასუხონ კითხვებს:
ა) რა ასოციაციას ბადებს ეს საგნები?
ბ) რას შეიძლება ეხებოდეს დღევანდელი გაკვეთილი?
3 წუთის მანძილზე მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ ვარაუდებს, (სიყვარულის, ცოდნის, რწმენის, სიკეთის, )შემდეგ პედაგოგის მითითებით იწყებენ სულხან-საბა ორბელიანი იგავის “უკან მიდევნებული ლამპარი” კითხვას პაუზებით. ვინაიდან ეს იგავი მათთვის მეტნაკლებად ცნობილია, პედაგოგი სთხოვს ჯგუფებს, ჩამოაყალიბონ, რა არის ამ იგავის მორალი, მთავარი სათქმელი და შეადგინონ სააზროვნო სქემა: რა აქვს საერთო ლამპარს და სიკეთეს?











ამის შემდეგ პედაგოგი სთხოვს ჯგუფებს, გაიხსენონ მსგავს თემატიკაზე დაწერილი ნაწარმოები (ლექსი ან მოთხრობა), სავარაუდოდ, ეს იქნება ილია ჭავჭავაძის ლექსი “უსულდგმულო ცხოვრება”, რომელიც ასევე
ნაცნობია მათთვის. პედაგოგი აჯამებს დაფაზე მოსწავლეებთან ერთად გადაჯაჭვული მცნებების რუკის სახით, რა აქვს საერთო ამ ორ ნაწარმოებს, რა არის მათი მთავარი სათქმელი? (რომ სიკეთის კეთება საჭიროა საქმით და არა სიტყვით). კლასს უსვამს კითხვას: თავად რა სიკეთე აქვთ გაკეთებული? რა შეიძლება ჩაითვალოს მათ ასაკში სიკეთედ? წინასწარ შედგენილ სქემა ივსება მოსწავლეთა პასუხებით.



გაკვეთილში ერთვება ინგლისური პედაგოგი და აძლევს ჯგუფებს დავალებას, მოიფიქრონ დიალოგი, რა სიკეთე აქვთ თავად გაკეთებული და წარმოადგინონ როლური თამაშების სახით. დრო-5 წუთი მოსაფიქრებლად, 10 წუთი- პრეზენტაციისათვის. პედაგოგი სთავაზობს ჯგუფებს, საჭიროების შემთხვევაში დაიხმარონ ლექსიკონები.



პრეზენტაციის შემდეგ ინგლისურის პედაგოგი აფასებს ჯგუფების მუშაობას 3 კრიტერიუმის მიხედვით (წინასწარ დაფაზე ჩამოვწერთ):

1. გამართული სინტაქსური კონსტრუქციების აგება;
2. ახალი სიტყვების გამოყენება;
3. ზეპირი მეტყველება, ეფექტური პრეზენტაცია;

ქართულის პედაგოგი აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:
1. ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი;
2. თანამშრომლობა და აქტიურობა;
3. ორიგინალურობა და შემოქმედებითობა;



საშინაო დავალებად ეძლევათ საწერი სამუშაო: როგორ მესმის საქმით მეტყველება? (ქართულად და ინგლისურად)

















вторник, 14 декабря 2010 г.


სამოდელო გაკვეთილები

სამოდელო გაკვეთილები
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ისტორიაში
VII კლასი
პედაგოგები: ქეთი ქათამაძე, დალი ლომთათიძე;

გაკვეთილის თემა: ლევან გოთუა- “უგზო ქარავანი”, I ნაწილი;
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მხატვრულ ნაწარმოებში რეალურისა და გამონაგონის გამიჯვნა; სინონიმური ნაცვალსახელების გამოყენება კონტექსტის მიხედვით; მოსწავლე ამოიცნობს ტექსტის შესაბამისობას კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან. (ქართ. VII. 8.) მოსწავლე ქმნის წერილობით ტექსტებს სხვადასხვა მიზნით. (ქართ. VII. 11.)

გაკვეთილის წინაპირობა: მოსწავლეს ვაძლევთ დავალებას, მოიძიონ ინფორმაცია გიორგი სააკაძის შესახებ;
მოსწავლეთა ორგანიზება: ჯგუფური, საერთო-საკლასო;
აქტივობა: ჯგუფური მუშაობა, მოდელირებული წერა, აქტიური კითხვა, ვარაუდების სქემა, პრეზენტაცია;
დრო: 45 წუთი;
რესურსები: ინტერნეტი, წიგნი, დაფა, მარკერი;შეფასება: ჩართულობის, წერითი დავალებისა და პრეზენტაციის მიხედვით;

I ეტაპი- გაკვეთილს ვიწყებთ მისალმებითა და გაკვეთილის გეგმის გაცნობით: ბავშვების დახმარებით დაფაზე ვწერთ გაკვეთილის სავარაუდო გეგმასა და აქტივობებს, ვანაწილებთ დროს და შეფასების კრიტერიუმებს;ჯგუფებს ვაძლევ შემდეგ დავალებას- (დრო 10 წთ.) სიტყვების: მოურავი, დილეგი, შური, ბრძოლა, შვილი- გამოყენებით შეადგინონ მცირე ზომის ჩანახატი, ესსე, მინიატურა, ნოველა. გადმოსცენ, რა ასოციაციას ბადებს მათში ეს სიტყვები, როგორ შეიძლება მათი დაკავშირება ისე, რომ გარკვეული სიუჟეტი მივიღოთ. ნამუშევრების პრეზენტაცია გაკვეთილის თემის გაცნობისა და დამუშავების მერე მოხდება;

II ეტაპზე ვიწყებთ ტექსტის I ნაწილის ჯერ გაცნობით, მერე შესწავლით კითხვას. ვისაუბრებთ ავტორზე, ლევან გოთუას შესახებ მივაწვდი ინფორმაციას, დავაკვირდებით სათაურს, რა განწყობას ბადებს იგი, რისი თქმა სურს სათაურიდანვე მწერალს? (სავარაუდო პასუხები იქნება: ქარავანი აღმოსავლური სამყაროსთვისაა დამახასიათებელი, სიტყვა უგზო ალბათ ნიშნავს გზაარეულს, დაკარგულს, უმიზნოდ მოხეტიალეს)შესწავლითი კითხვის დროს გამოვიყენებთ კორნელის მეთოდს, დაფაზე წინასწარ დავხაზავთ ცხრილს და თანდათან შევავსებთ მას.
წინადადებებზე, სადაც გამოყენებულია ნაცვალსახელები: იგი (იგი ხომ სულ 19 წლისა იყო), თავად (ზრდილობაშიც თავად გამოწვრთნა), შევჩერდებით და ვსვამ კითხვებს: მოვუძებნოთ სინონიმური შესატყვისი ნაცვალსახელს იგი (ის), თავად (თვითონ, თვით), კიდევ რომელი სინონიმური ნაცვალსახელები ვიცით? (ყოველი- თითოეული, ამნაირი-ამგვარი-ამისთანა, ყოველნაირი-ყოველგვარი, ყველაფერი-ყოველივე), რა შემთხვევაში არ ცვლიან ისინი ერთმანეთს? (მაგალითად, ყველა პასუხობდა, თითოეული პასუხობდა- არის თუ არა ერთი და იგივე). ვაძლევ საშინაო დავალებად (ენაში), შეადგინონ წინადადებები სინონიმური ნაცვალსახელების გამოყენებით.



აქტიური კითხვა- კორნელის მეთოდი (დრო-20 წთ)
vin? გორგასალ ნასყიდაშვილი;
ბეჟანი, მისი შვილი;
გიორგი სააკაძე;
თურქი იასაული; ნოსტეველი გლეხი, სააკაძის ერთგული მებრძოლი; ბრძენი, გულმართალი; თამამი; თავგანწირული;
ხელმარდი და პირმართალი ვაჟკაცი, 19 წლის, ხალისიანი, კარგი მეომარი;
დიდი მოურავი, ფიცხი, მრისხანე,
უხეში, მადლიერი,

რა?(ნასესხები ლექსიკა) გურჯი-ქართველი; ბაირამობა- მაჰმადიანთა ახალი წელი;ისკანდერი- თურქი;გიაური-ურჯულო;დაუშარნა სახე- სახე შეეცვალა, შეშფოთდა;
სად? ალეპო, ჰალაბის დილეგი,ქალაქი თურქეთში;
ტაშისკარი, მარაბდა, მარტყოფი; ადგილები საქართველოში, სადაც გიორგი სააკაძემ გადაიხადა ომი;

როდის? XVII საუკუნის II ნახევარი სააკაძე უკვე თურქეთშია გახიზნული;
როგორ? ლეკვებწაგვრილი მგელივით, ვეება ბუსავით ქონგური; ჯარასავით ტრიალებდა- ფრაზეოლოგიზმი-ენამძიმე ქართული- უჭირს ქართულად საუბარი
მოისწრაფა ხელი; ჩქარა მოძრაობდა იქით-აქეთ; ,
რატომ? ქართველები ტყვედ ჩავარდნენ;სიკვდილი ელის ბეჟანსაც; ღალატით შეიპყრეს; მოსალოდნელია უბედურება;

III ეტაპი- (დრო 10 წთ) ტექსტის გაცნობის შემდეგ ერთვება ისტორიის პედაგოგი, სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ, რა იციან გიორგი სააკაძის შესახებ, როგორ არის დახასიათებული და შეფასებული დიდი მოურავი ისტორიულ წყაროებში, მოსწავლეები შეავსებენ ცხრილს: ისტორიული პირი- ლიტერატურული პერსონაჟი, რა ცვლილება განიცადა სააკაძის სახემ ლევან გოთუას ნაწარმოებში?

ისტორიული წყაროები მხატვრული ნაწარმოები







გაკვეთილის ბოლოს ჯგუფები წარმოადგენენ მოდელირებული წერის დროს შესრულებულ ნაშრომებს,(დრო 5 წთ.) იმსჯელებენ, რამდენად ლოგიკურად დაუკავშირეს მათ ეს სიტყვები გაკვეთილის თემას, რა მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა თითოეული ნამუშევარი. შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) არის თუ არა გამოყენებული შეთავაზებული სიტყვები ნაშრომში; ბ) რამდენად დამაჯერებელი და ლოგიკურია სიუჟეტი და ფაბულა; გ) გამოკვეთილია თუ არა მინიატურის იდეა და მთავარი სათქმელი; დ) მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სტილისტური და სინტაქსური ხარვეზები;

ამის შემდეგ მოსწავლეებს მვცემთ საშინაო დავალებას(ლიტერატურაში), გამოთქვან I ნაწილის მიხედვით საკუთარი ვარაუდი, რა საერთო აქვთ ნოსტეველ გლეხსა და თურქ იასაულს, საიდან შეიძლება ისინი იცნობდნენ ერთმანეთს, როგორ შეიძლება მოქმედება განვითარდეს მათი აზრით.